ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა
ისლანდიაში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო, იუწყება RÚV. ვულკანი ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. ეს არის მეოთხე ამოფრქვევა 2023 წლის დეკემბრის შემდეგ და მეშვიდე 2021 წლის შემდეგ, როდესაც ვულკანმა 800-წლიანი ძილის შემდეგ გაიღვიძა.
ნაპრალის სიგრძე დაახლოებით სამი კილომეტრია. ამოფრქვევის გამო მოქმედებს ავარიული დონე. საათნახევარში ლავა სამხრეთით, დაახლოებით, 1,2 კმ-ით, ქალაქ გრინდავიკისკენ დაიძრა. ადგილზე მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.
გრინდავიკში 4 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა წინა ამოფრქვევისას სამი სახლი დაინგრა, დაზიანდა გზები, ელექტროგადამცემი ხაზები და წყლის მილები. მხოლოდ ასამდე ადამიანი დაბრუნდა გრინდავიკში.