პუტინი აღიარებს, რომ ნავალნის გაცვლა იგეგმებოდა
ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ პუტინის საარჩევნო შტაბში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც რუსი დიქტატორი ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ამბავს პირველად გამოეხმაურა. ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ ალექსეი ნავალნის გაცვლა იგეგმებოდა. მან პირდაპირ თქვა, რომ ნავალნის ციხიდან გაშვებას მხოლოდ იმ პირობით გეგმავდა, რომ მას ქვეყანა უნდა დაეტოვებინა და რუსეთში აღარასდროს უნდა დაბრუნებულიყო.
რაც შეეხება ბატონ ნავალნის, დიახ, ის გარდაიცვალა, ეს ყოველთვის სამწუხარო მოვლენაა. ბატონი ნავალნის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ზოგიერთმა კოლეგამ, ზოგიერთმა ადამიანმა მითხრა, რომ არსებობს იდეა, გაცვალონ ბატონი ნავალნი დასავლეთის ციხეებში მყოფ ადამიანებზე. შეგიძლიათ დამიჯეროთ ან არა. პირს, ვინც მელაპარაკებოდა, ჯერ არ ჰქონდა დასრულებული წინადადება და მე ვუთხარი, "თანახმა ვარ". მხოლოდ ერთი პირობით, ვცვლით, რომ არ დაბრუნდეს, მაგრამ სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა, - განაცხადა პუტინმა.