თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები არ არიან, დაუდგენელია, მათი ზუსტი რაოდენობაც - "როსგვარდია"

რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდია ამტკიცებს, რომ საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის მონაწილეებზე ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.
"ტერაქტის ადგილზე რუსეთის გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმები მუშაობენ".
"კრიმინალების ძებნა და შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.
ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს" - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, თავდამსხმელები ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულები არ არიან. ჯერჯერობით დაუდგენელია, მათი ზუსტი რაოდენობაც.
ცნობისთვის, Crocus City Hall-ში მომხდარი სროლისა და აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი 13 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გავრცელებული. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებში 320 მეხანძრე და 130 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მონაწილეობს. სამუშაოებში ჩართულია 3 ვერტმფრენი.
საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა.
ოფიციალური ცნობით, თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Crocus City Hall-ში მომხდარი თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.