მოსკოვი, საკონცერტო დარბაზში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულებს გლოვობს

23.03.24 11:38
მოსკოვი, საკონცერტო დარბაზში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულებს გლოვობს

მოსკოვი, საკონცერტო დარბაზში "კროკუს სითი ჰოლიში" მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. ხალხს ტრაგედიის ადგილის მახლობლად ყვავილები და სანთლები მიაქვს და გარდაცვლილის სულებისთვის ლოცულობს.

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. დაშავებულთა რაოდენობა კი 145-ს აღწევს. მათ შორის 5 ბავშვია, რომელთაგან ერთი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, მის გადარჩენას ახლა რუსი მედიკოსები ცდილობენ.

რუსეთის საგამოძიებო სამსახურები აქვეყნებენ კადრებს, რომლითაც იტყობინებიან, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ შეიარაღებულმა პირებმა იერიში "საიგას" ტიპის ავტომატებით მიიტანეს. ამ კადრებით ირკვევა, რომ თავდამსხმელები საკონცერტო დარბაზში კბილებამდე შეიარაღებულები შეიჭრნენ. ოფიციალური მოსკოვი ამტკიცებს, რომ სავარაუდო თავდამსხმელებიდან ერთი უკვე დააკავეს. რუსეთში გლოვაა, ტრაგედიის ადგილზე კი ამ დრომდე სამართალდამცველები  პატრულირებენ.

შეგახსენებთ, გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 

მსგავსი სიახლეები