ვინ მოაწყო ტერაქტი რუსეთში? - მედიის თქმით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავეს
რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს.
რუსული „ტელეგრამის“ არხების ცნობით, ავტომობილი, რომლითაც ეჭვმიტანილები გადაადგილდებოდნენ, ბელარუსისა და უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში გააჩერეს.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში ექვსი პირი იმყოფებოდა, ოთხმა მათგანმა გაქცევა მოახერხა.
ამჟამად ძებნაშია.
ნასრიდინოვი მახმადრასულ 37 წლის;
ისმონოვი რივოჟიდინი, 51 წლის;
საფოლზოდა შოხინჯონი, 21 წლის;
ნაზაროვი რუსტამი, 29 წლის.
რუსული მედია აცხადებს, რომ დაკავებულები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.
ვრცელდება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დოკუმენტები, სადაც სამი პირის პირადი საქმეებია.
პუტინის რეჟიმი ცდილობს ტერაქტი მოსკოვში უკრიანაში დაუკავშიროს, უშიშროების სამსახურის მტკიცებით ტერორისტები აპირებდნენ უკრიანში გაქცევას, სადაც მათ კავშირები ჰქონდათ.
მოსკოვის საკონცერტო დარბაზში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა.
დაშავებულთა რაოდენობა კი 145-ს აღწევს. მათ შორის 5 ბავშვია, რომელთაგან ერთი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, მის გადარჩენას ახლა რუსი მედიკოსები ცდილობენ.
რუსეთის საგამოძიებო სამსახურები აქვეყნებენ კადრებს, რომლითაც იტყობინებიან, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ შეიარაღებულმა პირებმა იერიში "საიგას" ტიპის ავტომატებით მიიტანეს. ამ კადრებით ირკვევა, რომ თავდამსხმელები საკონცერტო დარბაზში კბილებამდე შეიარაღებულები შეიჭრნენ. ოფიციალური მოსკოვი ამტკიცებს, რომ სავარაუდო თავდამსხმელებიდან ერთი უკვე დააკავეს. რუსეთში გლოვაა, ტრაგედიის ადგილზე კი ამ დრომდე სამართალდამცველები პატრულირებენ.
შეგახსენებთ, გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.
Reuters-ის ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.