თავდასხმა "კროკუს სიტი ჰოლზე" - ტერორისტებს მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

25.03.24 10:48
თავდასხმა "კროკუს სიტი ჰოლზე" - ტერორისტებს მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ტერორისტებს მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. "კროკუს სიტი ჰოლზე" თავდასხმას ოთხი დაკავებულიდან სამი აღიარებს. მეოთხემ ბასმანის სასამართლოში ხმის ამოღებაც კი ვერ შეძლო, რადგან საკუთარ პროცესზე საკაცით და უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. ბრალდებულებს ცემის კვალი ეტყობოდათ. ერთი ყურმოჭრილია, მეორე თვალის გარეშეა დარჩენილი. ოთხივეს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ტაჯიკეთის მოქალაქეებს ბასმანის სასამართლოზე არ უთქვამთ, რა მოტივით ჩაიდინეს მასობრივი მკვლელობა საკონცერტო დარბაზში. 

ცნობილია მათი ვინაობაც. 32 წლის დალერჯონ მირზოევს ცოლი და 4 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. ის ნოვოსიბირსკში ცხოვრობდა და შეიარაღებული ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში ირიცხებოდა. სწორად მან მიიღო მონაწილეობა "კროკუსში" რუსეთის მოქალაქეები დახოცვაში, რის შემდეგაც შენობას ცეცხლი წაუკიდა. 

მეორე ბრალდებული 19 წლის მუჰამედ სობირ ფაიზოვია. ეჭვმიტანილი დაკავებისას დაიჭრა და თვალი ამოუვარდა. ფაიზოვი ტაჯიკეთის მოქალაქეა, თუმცა გარკვეული პერიოდი ივანოვოში მუშაობდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი ტერორისტი რუსმა სამართალდამცველებმა პროცესზე შარდის კათეტერით მიიყვანეს.

მესამე ბრალდებული 1994 წელს დაბადებული საიდამკრამი რაჯაბრალისოდაა. ის ქორწინებაში იმყოფება და 1 შვილი ჰყავს. პროცესზე ის ამტკიცებდა, რომ რეგისტრაციის მისამართი არ ახსოვს. ტერორისტს უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დაკავებისას ყური მოაჭრეს. ის დანაშაულს აღიარებს.

მეოთხე ბრალდებული შარუდინ ფამსიდინოვია. ის 25 წლისაა და 8 თვის შვილი ჰყავს. სხვა ბრალდებულების მსგავსად, ისიც ტაჯიკეთის მოქალაქეა და პოდოლსკის ქარხანაში მუშად იყო დასაქმებული. 

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში ტერაქტს, სულ მცირე, 137 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშია. იდენტიფიცირებულია 62 ადამიანის ცხედარი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, იგივე ISIS-იმ აიღო.