თავდასხმა "კროკუსზე" - მოსკოვში დააპატიმრეს მერვე ბრალდებული, რომელმაც ეჭვმიტანილებს ბინა მიაქირავა
მოსკოვის სასამართლომ "კროკუს სითი ჰოლში" ტერაქტის საქმის მერვე ბრალდებულს, ალიშერ კასიმოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, 32 წლის კასიმოვმა ბინა მიაქირავა ერთ-ერთ თავდამსხმელს. თუმცა სასამართლო სხდომაზე კასიმოვმა თქვა, რომ არ იცოდა, რომ მათ ტერორიზმთან კავშირი ჰქონდათ.
კასიმოვი სასამართლომ წინასწარი დაკავების იზოლატორში გაგზავნა. ის, სხვა ეჭვმიტანილების მსგავსად, პატიმრობაში, სულ მცირე, 22 მაისამდე იქნება.
2024 წლის 22 მარტის საღამოს მოსკოვის რეგიონში ტერორისტული აქტი მოხდა. Crocus City Hall-ში უცნობმა პირებმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემეგაც შენობაში ხანძარი გაჩნდა.
რუსული მედიის ცნობით, ტერაქტს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არიან როგორც სროლის შედეგად დაღუპულები, ისე ხანძრის შედეგად გარდაცვლილებიც.