სახელმწიფოს ხარჯზე კერძო ფრენების გამო ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში თანამდებობას ტოვებს - მიზეზი ფრენებთან დაკავშირებული სკანდალია, რადგან მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს სახელმწიფო ხარჯებით კერძო თვითმფრინავებით ისარგებლა.
როგორც საინფორმაციო ჰოლდინგი Delfi იუწყება, კარინშმა გადადგომის გადაწყვეტილება ლატვიის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინიასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
2023 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას კრიშიანის კარინში საზღვარგარეთ სამოგზაუროდ 32-ჯერ გაფრინდა კერძო თვითმფრინავებით, რაც ბიუჯეტს 613 ათასი ევრო დაუჯდა. ხარჯების დასაბუთებასთან დაკავშირებით სახელმწიფო კანცელარიის განმარტება ჟურნალისტებმა და საზოგადოებამ რიგ შემთხვევებში არადამაჯერებლად მიიჩნიეს.
მარტის ბოლოს გენერალურმა პროკურატურამ თანხების შესაძლო გაფლანგვაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. კრიშიანის კარინშს ამ საქმეზე, ჯერჯერობით, პროცედურული სტატუსი არ აქვს.
ოფიციალურად კრიშიანის კარინში 9 აპრილიდან გადადგება, მეორე დღეს კი პარლამენტი კენჭს უყრის ლატვიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურას, რომელიც ჯერ არ სახელდება.