უკრაინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა უაზროა - ლავროვი

"უკრაინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა უაზროა, რადგან ის მიუღებელ ცნებებს ეფუძნება. მაგალითად, როგორიცაა "მოსკოვის გაყვანა დაპყრობილი ტერიტორიებიდან," - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს. საუბარია გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, უკრაინის 1991 წლის პოსტსაბჭოთა საზღვრები უნდა აღდგეს.
რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ლავროვი ასევე ამბობს, რომ "სამშვიდობო სამიტი" წარმატებას ვერ მიაღწევს, ვიდრე რუსეთს მასში მონაწილეობის უფლება არ ექნება.
ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა ზელენსკის ამ ფორმულების საფუძველზე. როგორ შეიძლება სერიოზულმა პოლიტიკოსმა ვაშინგტონში, ბრიუსელში, ლონდონში, პარიზში ან ბერლინში განაცხადოს, რომ ზელენსკის ფორმულას ალტერნატივა არ აქვს და ამ ფორმულის არსი ის არის, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს ყირიმი, დონბასი, ნოვოროსია. რუსეთმა უნდა გადაიხადოს კონტრიბუცია. ხელმძღვანელობა უნდა მივიდეს ჰააგაში და ჩაბარდეს ტრიბუნალს, რუსეთი ნებაყოფლობით დათანხმდეს თავისი შეიარაღების შეზღუდვას, ყოველ შემთხვევაში, ევროპის მოსაზღვრე რეგიონებში. აი, ამას ხალხი სერიოზულად ამბობს, ღიმილის გარეშე, რომ ეს ერთადერთი ფორმულაა, - ამბობს ლავროვი.