ზელენსკი დასავლეთისგან ATACMS-ის ტიპის რაკეტების გადაცემას ითხოვს

ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთისგან რაკეტების გადაცემას ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტს შეიარაღება ანექსირებულ ყირიმში, რუსული აეროდრომის დასაბომბად სჭირდება. ამის შესახებ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერმა,The Washington Post-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთი სწორედ აღნიშნული აეროდრომიდან უშვებს უკრაინის მიმართულებით მაღალი სიზუსტის რაკეტებს.
"რუსეთს როდესაც აქვს რაკეტები და ჩვენ არა, ისინი თავს ესხმიან ყველაფერს: გაზს, ენერგეტიკას, სკოლებს, ქარხნებს, სამოქალაქო შენობებს. რუსეთი როდესაც გაიგებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ თვითმფრინავების განადგურება, ისინი ყირიმიდან თავს არ დაგვესხმებიან. ეს იგივეა, როგორც საზღვაო ფლოტის შემთხვევა. ჩვენ ისინი გავიყვანეთ ჩვენი ტერიტორიული წყლებიდან. ახლა კი მათ ყირიმის აეროდრომებიდან გავაძევებთ," - თქვა ზელენსკიმ.
რაც შეეხება ბოლო ცნობებს ფრონტის ხაზიდან - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებულია 61 საბრძოლო შეტევა. მხოლოდ ოდესაზე თავდასხმის დროს კი ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც.