ოკუპანტების იერიში უკრაინაზე - არის მსხვერპლი
ოკუპანტების იერიში უკრაინაზე - ღამით რუსებმა ხერსონის ოლქს შეუტიეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა რეგიონის დასახლებული უბნების საცხოვრებელი კვარტლებს დაარტყეს, კერძოდ, დაზიანდა 4 კერძო სახლი და ავტოფარეხი. დილის 6 საათის მონაცემებით, დაშავდა 2 ადამიანი.
რუსეთის ჯარები თავს დაესხნენ პოლტავის რაიონში მდებარე საერთო საცხოვრებელსაც, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც. როგორც პოლტავის ოლქის ხელმძღვანელი, ფილიპ პრონინი ამბობს, დაზიანდა ახლომდებარე სახლებიც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ 9 აპრილის ღამეს რუსული ჯარები უკრაინას "შაჰიდის" ტიპის 20 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს. უწყება ამბობს, რომ ყველა ჩამოაგდეს.
დრონები ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ვინიცას და ლვოვის რეგიონებში. უკრაინის სამხრეთის ძალებმა განმარტეს, რომ ოდესაში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო კერძო სახლის ეზო დაზიანდა, გაწყდა ელექტროგადამცემი ხაზი.