უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთის საბრძოლო გემი დააზიანეს
უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთის საბრძოლო გემი "სერპუხოვი" დააზიანეს, რომელიც კალინინგრადის ანკლავთან, ბალტიის ზღვაში იყო განთავსებული.
X-სა და Telegram-ზე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში, დაზვერვა ამბობს, რომ "სერპუხოვის" საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენას დიდი დრო დასჭირდება.
"2024 წლის 7 აპრილს რუსეთის კალინინგრადის ოლქის ქალაქ ბალტიისკში მტრის სამხედრო-საზღვაო ბაზის ტერიტორიაზე ხანძრის გამო, სარაკეტო ხომალდი "სერპუხოვი" დაიწვა. "სერპუხოვი" არის რუსული გემი, რომელიც აგრესორმა სახელმწიფომ 2015 წელს გაუშვა. სარაკეტო ხომალდის შიგნით გაჩენილი ხანძრის გამო, მისი საკომუნიკაციო საშუალებები და ავტომატიზაცია მთლიანად განადგურდა. მისი საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენას დიდი დრო დასჭირდება," - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი დეპარტამენტის განცხადებაში.