"ტერორი ყველგან ერთნაირად უნდა დამარცხდეს" - ზელენსკი მოკავშირეებს მიმართავს, უკრაინა ისრაელივით დაიცვან
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინა ისევე დაიცვან, როგორც ისრაელი დაიცვეს ირანის შეტევისგან.
15 აპრილს ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა ტერორისგან დასაცავად რამდენად ეფექტიანია ერთიანობა, თუკი საკმარისი პოლიტიკური ნება არსებობს.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი არ არის ნატოს წევრი და მის დასაცავად საჭირო არ გახდა ალიანსის წესდებით გათვალისწინებული კოლექტიური თავდაცვის მსგავსი მუხლის გამოყენება, არც არავინ აღმოჩნდა ომში ჩათრეული და მხოლოდ ადამიანების სიცოცხლე დაიცვეს.
ზელენსკის განცხადებით, „შაჰედის“ ტიპის დრონებს უკრაინის საჰაერო სივრცეშიც ისეთივე ხმა აქვთ, როგორც ახლო აღმოსავლეთში და ბალისტიკური რაკეტებიც ერთნაირად მოქმედებენ, ამიტომ ტერორი ყველგან ერთნაირად უნდა დამარცხდეს.