ვინ უნდა მართოს ჰაიტი - ქვეყანაში სახელისუფლებო კრიზისია

09.07.21 18:54
ვინ უნდა მართოს ჰაიტი - ქვეყანაში  სახელისუფლებო კრიზისია

ჰაიტის პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზის გახმაურებული მკვლელობის შემდეგ უცნობია, ვინ დაიკავებს მის ადგილს. იუწყება BBC.

ჰაიტის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში ქვეყნის მმართველის მოვალეობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უნდა შეასრულოს, თუმცა,  მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჰაიტის ნომერ პირველი მოსამართლე კორონავირუსით გარდაიცვალა. 

რიგით მეორე კანდიდატი კი პრემიერ-მინისტრია. მოიზის მმართველობის განმავლობაში ჰაიტიში პრემიერი 6-ჯერ შეიცვალა და ბოლოს ამ პოსტზე არიელ ანრი დაინიშნა, თუმცა, მან ფიცის დადება ვერ მოასწრო. ამის გამო წინა პრემიერი მის უფლება-მოვალეობას არ აღიარებს.  

გაერო-ს წარმომადგენელმა, ელენ ლიმმა, განაცხადა, რომ ჰაიტი უნდა მართოს ძველმა პრემიერმა, კლოდ ჟოზეფმა, სანამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ დასრულდება. 

 7 ივლისს ჰაიტის პრეზიდენტის სასახლეში 26 კოლუმბიელი და 2 ამერიკელი ყოფილი სამხედრო შეიჭრა და ჟოვენელ მოიზი ავტომატური იარაღებიდან გასროლით ჩაცხრილა, მისი მეუღლე კი მძიმედ დაჭრა.

53 წლის ჰაიტის მოკლული პრეზიდენტის სხეულზე 12 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

ჰაიტის უშიშროების სამსახურმა 17 თავდამსხმელის დაჭერა მოახერხა, 3 ადგილზე გაანეიტრალეს, დანარჩენებმა კი მიმალვა მოახერხეს.

ჰაიტი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა.