"ლაგამი" საწინააღმდეგო აზრისთვის" - კოლსი ამბობს, რომ "ოცნების" საშიში კანონი რუსეთიდან არის კოპირებული
"ლაგამი" საწინააღმდეგო აზრისთვის და საკუთარი ხალხის ღალატი - ასე აფასებს რიჰარდს კოლსი, "ქართული ოცნების" მცდელობას, მიიღონ რუსული კანონი. ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თამჯდომარე დარწმუნებულია, რომ სადავო კანონი რუსეთიდან არის დაკოპირებული და მისი ამოქმედების შემთხვევაში დემოკრატიას საქართველოში ძირი გამოეთხრება. "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ევროპელი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ თუ "ოცნება" რუსულ კანონს საბოლოოდ დააკანონებს, ქვეყანა დასავლეთს ჩამოშორდება.
ეს კონკრეტული კანონმდებლობა, როგორც ევროკავშირშიც და წევრ სახელმწიფოებშიც ექსპერტები ამბობენ, არის მეტ-ნაკლებად კოპირებული ვერსია მისი რუსული ექვივალენტისგან, რომელიც „უცხო ქვეყნის აგენტების“ შესახებ რუსეთმა წლების წინ მიიღო და რომლის მიზანიც არის მოწინააღმდეგეთათვის „ლაგამის ამოდება“, სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა. ეს ამ მხრივ ნამდვილად არის დემოკრატიისთვის წელსქვემოთ მიყენებული დარტყმა
ცხადია, ჩვენი პრეროგატივა არაა ვუკარნახოთ [რომელიმე] სუვერენულ ქვეყანას, როგორ მიიღონ გადაწყვეტილებები, მაგრამ მათ უნდა მოუსმინონ იმ გაფრთხილებებს, რომლებიც ახლა მოდის ევროკავშირისგან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან… ეს უდიდესი გამოწვევაა, რომელმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს საქართველოს მთელ გზას ევროკავშირის წევრობისკენ.
ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში გაწევრიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ქართველების 80% მხარს უჭერს ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ. ეს სწრაფვა მის კონსტიტუციაშიცაა ჩაბეჭდილი. ამიტომ, ეს არის გარკვეულწილად ქართველი ხალხის ღალატი. ახლა, ერთი პარტია პოტენციურად ძირს უთხრის მთელი ქვეყნის ბედს, ხალხის ნებას".- ამბობს ლატვიის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი.
რიჰარდს კოლსი ერთ-ერთი ინიციატორია იმ წერილისა, რომლითაც 14 ევროპული ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს გამოეხმაურა. მათ მთავრობას მისი ერთხელ და სამუდამოდ უკან გაწვევისკენ მოუწოდეს და ის პირობები შეახსენეს, რა დათქმებითაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო. მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის უზრუნველყოფა, პოლარიზაციის შემცირება და ა.შ