"ევროკავშირი, უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო, მსოფლიო ომისთვის ემზადება" - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ევროკავშირი, უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო, მსოფლიო ომისთვის ემზადება - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
სიიარტოს მტკიცებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ მშვიდობასთან დაახლოება არ გამოიწვია.
მისი თქმით, უნგრეთი მივიდა განსხვავებულ დასკვნამდე, რომ სამშვიდობო ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს და იარაღის მიწოდების ადგილი დიპლომატიამ უნდა დაიკავოს.
„საუბარია მილიარდობით ევროს ღირებულების ასობით ათასი ან მილიონობით საბრძოლო მასალასა და იარაღზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, სტრატეგია ჩავარდა. იარაღის მიწოდებამ მშვიდობასთან არ დაგვაახლოვა, პირიქით, იარაღის მიწოდებას შეუძლია მხოლოდ გაახანგრძლივოს ომი და გაზარდოს მისი მსოფლიო ომში გადაზრდის საფრთხე.
ჩვენ მზად ვართ სამშვიდობო გეგმების განხილვისთვის. ამავდროულად, გარკვევით უნდა განვაცხადოთ, რომ სამშვიდობო კონფერენციები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს წარმატებული, თუ მაგიდასთან ომის ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა სიიარტომ.
ასევე, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა გააკრიტიკა ევროკავშირის განზრახვა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღების შესახებ, რადგან, მისი აზრით, წინა 13 პაკეტი წარუმატებელი იყო.