აშშ-მ უკრაინას „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები საიდუმლოდ გადასცა - „როიტერი“
„როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები საიდუმლოდ გადასცა.
"როიტერის" ცნობით, რაკეტები 12 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დამტკიცებულ 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა, თუმცა წყაროს მათი ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია.
როგორც სააგენტო იტყობინება, უკრაინამ რაკეტები საბრძოლო ველზე 17 აპრილს, ოკუპირებულ ყირიმზე თავდასხმისას გამოიყენა.
ანონიმური წყარო ასევე აცხადებს, რომ თავდაპირველად „ატაკამსების“ გაგზავნის წინააღმდეგი იყო პენტაგონი, სადაც აცხადებდნენ, რომ ეს ზიანს მიაყენებდა აშშ-ის საბრძოლო მზადყოფნას და უკრაინა რაკეტებს რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმისთვის გამოიყენებდა.