"პუტინი არალეგიტიმური პრეზიდენტია" - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტარები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, არ აღიარონ ლეგიტიმურად რუსეთში 2024 წლის 15-17 მარტს ჩატარებული ე.წ. არჩევნები, რადგან ის არც თავისუფალი და არც სამართლიანი იყო. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.
რეზოლუცია 493 ხმით 11 წინააღმდეგ დამტკიცდა, 18-მა თავი შეიკავა. აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლების „ფარსულ სპექტაკლს“ ერთადერთი მიზანი ჰქონდა - შეექმნათ სურათი, თითქოს ვლადიმერ პუტინი ლეგიტიმური პრეზიდენტია.
ევროპარლამენტარებმა გამოთქვეს სინანული, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გადაწყვიტა ევროკავშირისგან განცალკევებით მიელოცა პუტინისთვის ფიქტიური „ხელახლა არჩევა“.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 18 მარტს რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში „ხმების რეკორდული 87,3%-ით გაიმარჯვა“. რუსეთში აცხადებდნენ, რომ აქტივობა 77% იყო.
BBC-მ მაშინ აღნიშნა, რომ „ხელახლა არჩევის“ შემდეგ, პუტინი სავარაუდოდ, გააგრძელებს საგარეო კონფლიქტებისა და შიდა რეპრესიების გზას. ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ დიქტატორისთვის მიცემული ხმების სავარაუდო რაოდენობა - 87%-ზე მეტი - ასტრონომიული მაჩვენებელია და დასავლელი ლიდერები მის სანდოობას არ დაიჯერებენ.