CNN: საქართველო შეძრა აქციებმა მაშინ, როდესაც მთავრობა პუტინის სტილში "უცხოური აგენტების" კანონის მიღებას ცდილობს

04.05.24 19:21
CNN: საქართველო შეძრა აქციებმა მაშინ, როდესაც მთავრობა პუტინის სტილში "უცხოური აგენტების" კანონის მიღებას ცდილობს

რუსული კანონის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქციები, პოლიციის მიერ ძალის გადამეტება, ოპოზიციონერ ლიდერებზე ფიზიკური ანგარიშსწორება, ივანიშვილის ანტიდასავლური განცხადებები და კობახიძის დემარში ამერიკას -  CNN საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"საქართველო შეძრა აქციებმა მაშინ, როდესაც მთავრობა პუტინის სტილში "უცხოური აგენტების" კანონის მიღებას ცდილობს" - ამ სათაურით აქვეყნებს საერთაშორისო გამოცემა სტატიას და წერს, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს "უცხოური აგენტების" კანონის მიღებას, რომელიც კრიტიკოსების თქმით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ განსხვავებული აზრის აღმოსაფხვრელად შემოღებული კანონპროექტის მსგავსია.

სტატიაში ნათქვამია, რომ კანონი, რომელიც მმართველმა პარტიამ მეორე მოსმენით უკვე მიიღო ერთი წლის წინაც იყო დღის წესრიგში, მაგრამ მაშინ "ოცნებას" კანონპროექტის უკან გაწვევა ერთკვირიანი მწვავე პროტესტის ფონზე მოუწია, სადაც მოქალაქეები "წყლის ჭავლზე ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ."

CNN-ის ცნობით, აქციებზე პოლიციამ განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინა. ამის მაგალიტად მოყვანილია სამშაბათს ღამით ოპოზიციური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება. 

"იმ მომენტში დამიჭირეს, შემათრიეს და თავს დამესხნენ... ისინი მეუბნებოდნენ, რომ ძალიან ბევრს ვლაპარაკობ და მარწმუნებდნენ, რომ მეტს ვეღარ შევძლებდი," - განუცხადა CNN-ს ხაბეიშვილმა CNN-ს.

ასევე რამდენიმე მომიტინგემ განუცხადა CNN-ს, რომ გამოყენებული ცრემლსადენი გაზი შესამჩნევად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ადრე, ართულებდა სუნთქვას და აიძულებდა მომიტინგეებს მოკლე დროში დაშლად და გადაჯგუფებად.

გამოცემა 29 აპრილს  ბიძინა ივანიშვილის კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლაზეც წერს, სადაც ათასობით ადამიანი რეგიონებიდან თბილისში ავტობუსით ჩამოიყვანეს.

"მის გამოსვლაში გამოვლინდა ღრმა პარანოია, შეთქმულება და ჰქონდა ავტოკრატიული ზოლი. ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს აკონტროლებს "უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილი ფსევდოელიტა". ის ამტკიცებდა, რომ სამყაროს მართავს "გლობალური ომის პარტია", რომელიც მისი ვარაუდით იყო პასუხისმგებელი რუსეთის 2008 წლის შეჭრაზე. მან პირობა დადო, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ოპონენტების დევნას დაიწყებს." - წერს CNN-ი.

სტატიაში ასევე ყურადღება გამახილებულია ივანიშვილის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ თქვა, რომ ის არ ჰგავს ვიქტორ იანუკოვიჩს, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც 2014 წელს მაიდანის საპროტესტო აქციების შედეგად ჩამოაგდეს, როდესაც ათასობით უკრაინელი ითხოვდა ევროპულ მომავალს.

გამოცემა ესაუბრა ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩს ნატალია საბანაძესაც.

„საქართველოს მთავრობა აშკარად დგას მსოფლიოს პუტინისტური, ანტილიბერალური ძალების მხარეს.

ის იქცევა ინსტრუმენტად რუსეთის ხელში. სპეკულირება არ შემიძლია. წარმოდგენა არ მაქვს, მუშაობენ თუ არა რუსეთის მითითებებით, მაგრამ ისინი ნამდვილად ასრულებენ თავიანთ ინტერესებს", - განაცხადა საბანაძემ.

CNN ასევე წერს პრემიერ კობახიძის უნგრეთში ვიზიტზე და ქვეყნის პირველი პირის მიერ შტატების დადანაშაულებაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, რომ უცხოური აგენტების კანონმდებლობა და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს საეჭვო ტრაექტორიაზე აყენებს.

კობახიძემ უპასუხა აშშ-ს კრიტიკას და პარასკევს დაადანაშაულა ვაშინგტონი საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობაში", - წერია სტატიაში.

 

 

მსგავსი სიახლეები