რუსული კანონი და ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტი - საქართველო მსოფლიო გამოცემების ყურადღების ცენტრშია

06.05.24 12:14
რუსული კანონი და ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტი - საქართველო მსოფლიო გამოცემების ყურადღების ცენტრშია

საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციები მსოფლიო გამოცემების განხილვის თემაა - ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული მოქალაქეების თავგანწირულ ბრძოლაზე "The Guardian", "Le Monde" და სხვები წერენ.

საერთაშორისო გამოცემა "The Guardian" ვრცელ სტატიას აქვეყნებს და საქართველოს მოქალაქეების ანტირუსულ გამოსვლებს სულისშემძვრელ წინააღმდეგობას უწოდებს.

"თბილისში ახალგაზრდული ფესტივალი მიმდინარეობს, რომელიც ყოველღამე ავტორიტარული კოშმარით - დაკავებებით და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით სრულდება" - წერს სტატიის ავტორი და მკითხველს უპრეცედენტო ერთიანობასა და სოლიდარობაზე უყვება.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას, რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის მწვავე რეაქცია მოჰყვა, რადგან საზოგადოება ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ მიისწრაფვის, ხოლო "ქართული ოცნების" ინიციატივა ქვეყანას არა ევროპას, არამედ რუსეთს აახლოებს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თბილისში ათასობით ადამიანი აპროტესტებს რუსულ კანონს, რომელთაგანაც ათობით დაკავებულია. მეც ქუჩაში გამოვედი. მე ქართველი ჟურნალისტი ვარ და ჩემი ცხოვრება საბჭოთა თუ რუსული ჩაგვრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში გავატარე. მე მჯერა, რომ სუვერენიტეტი, თავისუფლება და დემოკრატია ჩემი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებია.

მე შევუერთდი ამ პროტესტს, როდესაც აქციები დაიწყო და ბოლომდე ვიქნები მათი ნაწილი. არ მინდა იძულებული დავრჩე, რომ ავტორიტარული კანონმდებლობის გამო, ჩემი სამშობლო დავტოვო", - ეუბნება გამოცემას ქართველი ჟურნალისტი.

საქართველოში მიმდინარე ამბებს ფრანგული "ლემონდიც" ეხმაურება. გამოცემა აქცენტს რუსეთიდან დაკოპირებულ კანონზე აკეთებს, რომელმაც რუსეთში ოპოზიცია და განსხვავებული აზრი გაანადგურა.

საქართველოს ხელისუფლების კრიტიკოსების მიერ აღწერილი "რუსული კანონის" ტექსტი მსგავსია დუმას მიერ 2012 წელს მიღებული ვლადიმერ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ოპოზიციის შესაჩერებლად. საქართველოში, ისევე როგორც რუსეთში, კანონი ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს დარეგისტრირდნენ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტებად“, თუ ისინი დაფინანსების 20%-ზე მეტს მიიღებენ საზღვარგარეთიდან", - წერია სტატიაში. 

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი ხელმეორედ 3 აპრილს დააინიციირა. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას საქართველოში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. სამოქალაქო საზოგადოება ორ კვირაზე მეტია, რაც კანონპროექტს პერმანენტულ რეჟიმში აპროტესტებს. მიუხედავად სპეცრაზმის მხრიდან აქციაზე არაპროპორციული ძალის გამოყენებისა, ხალხი დანებებას იქამდე არ აპირებს, სანამ "ოცნებას" კანონპროექტს უკან არ გააწვევინებს.

მსგავსი სიახლეები