აშშ და EU-ს ქვეყნების უმეტესობა პუტინის ინაუგურაციაზე დასასწრებად წარმომადგენლებს არ აგზავნიან

07.05.24 10:19
აშშ და EU-ს ქვეყნების უმეტესობა პუტინის ინაუგურაციაზე დასასწრებად წარმომადგენლებს არ აგზავნიან

აშშ და ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე დასასწრებად წარმომადგენლებს არ აგზავნიან. საერთაშორისო მედია დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რუსეთის მიწვევის მიღებას საფრანგეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი აპირებენ. მიზეზი „საკომუნიკაციო არხების ღიად შენარჩუნებაა". მასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყანების უმრავლესობამ, მათ შორის გერმანიამ, გადაწყვიტა პუტინის ინაუგურაციას არ დაესწროს.

"გერმანია არ მიიღებს მონაწილეობას ამ ღონისძიებაში", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

მიწვევაზე უარს აცხადებს ასევე გაერთიანებული სამეფოც, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი.

„გაერთიანებული სამეფო არ გაგზავნის წარმომადგენელს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე. რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე არის არაპროვოცირებული, მიზანმიმართული და ბარბაროსული თავდასხმა სუვერენულ დემოკრატიულ სახელმწიფოზე“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

პუტინის ინაუგურაციაზე წარმომადგენელს არც შეერთებული შტატები გაგზავნის.

”არა, ჩვენ არ გვეყოლება წარმომადგენელი მის ინაუგურაციაზე”, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

დღეს, მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება. პუტინი რუსეთის პრეზიდენტის რანგში ფიცს მეხუთედ დადებს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარტში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 87% პროცენტით გაიმარჯვა.