ბიძინა გეშინოდეს ემიგრანტების! - რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია ამსტერდამში გაიმართა

11.05.24 19:03
ბიძინა გეშინოდეს ემიგრანტების! - რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია ამსტერდამში გაიმართა

რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია ნიდერლანდებშიც გაიმართა - ქართველი ემიგრანტები ამსტერდამში შეიკრიბნენ და "ქართული ოცნების" ინიციატივა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

"ბიძინა გეშინოდეს ემიგრანტების! არა რუსულ კანონს!" - სკანდირებდნენ მოქალაქეები და აცხადებდნენ, რომ საქართველოს მომავალი, მხოლოდ და მხოლოდ, ევროპაშია.

არა რუსულ კანონს, თუმცა ჩემი აზრით, დღევანდელი პროტესტის მიზანი არ არის მხოლოდ ერთი კანონი, არამედ ეს არის მთავრობა, უფრო შორიდან რომ შევხედოთ, ეს არის დაპირისპირება მამათა და შვილთა თაობებს შორის, რაც მამათა თაობა დაიბადა საბჭოთა კავშირის დროს. უნდათ, რომ ზუსტად იგივენაირად მეთოდებით მართონ ქვეყანა, ჰქონდეთ ავტორიტარიზმი, არ არსებობდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები და მეორე მხარეს ვართ ჩვენ ბავშვები, რომლებიც დავიბადეთ დამოუკიდებელ საქართველოში და ზუსტად გვესმის თავისუფლების ფასი. იმედია, ამ ბრძოლას მოვიგებთ და საბოლოოდ დავამარცხებთ რუსულ და საბჭოურ მენტალობას საქართველოში", - ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.

ქვეყანა ევროპული მარშისთვის ემზადება - დღეს, ზუსტად 19:00 საათზე საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს საკუთარ ხმას გააგონებენ - "არა რუსულ კანონს, კი ევროპას".

სიკვდილის ღამის ბრიგადების, დაშინების, რეპრესიების, დაჭერების, ფიზიკური ძალადობის და ცემის მიუხედავად, ქართველებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი უნდა დაიცვან. 

საზოგადოებას სრული მობილიზება აქვს გამოცხადებული. მარჯანიშვილის მოედანი, მეტრო 300 არაგველი, პირველი რესპუბლიკის მოედანი და ექსპო ჯორჯია - ეს შეკრების მთავარი ადგილებია, საიდანაც ხალხი ევროპის მოედანზე მივა და საკუთარ ნებასა და ხელისუფლების მოქმედებებს შორის განსხვავებებს ევროპას უჩვენებენ.

ცნობილია ასევე, რომ მოქალაქეები თბილისში რეგიონებიდანაც ჩამოდიან. ევროპულ მარშს რიგითი მოქალაქეების გარდა შეუერთდებიან მსახიობები, ხელოვანები, მომღერლები და საზოგადოებისთის ცნობილი სხვა სფეროს წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები