საუბრობენ მოსალოდნელ სანქციებზე და ფინანსური დახმარებების შეწყვეტაზე - რა გზავნილები მოდის ამერიკის შეერთებული შტატებისგან

რა გზავნილები მოდის ამერიკის შეერთებული შტატებისგან? - ჟურნალისტი ია მეურმიშვილი "ტვ პირველის" ეთერში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასავლეთის მთავარ მესიჯებს აჟღერებს.
"ამერიკის ხმის" ყოფილი კორესპონდენტის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში აქტიურად განიხილავენ ივანიშვილის გუნდის მიერ რუსეთისკენ აღებულ კურსს.
"საუბრობენ მოსალოდნელ სანქციებზე და ფინანსური დახმარებების შეწყვეტაზე" - აცხადებს ია მეურმიშვილი და იქვე დასძენს, რომ რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა "გადაეხედება".
ჟურნალისტი იმასაც ამბობს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს ქართველი ერის მკაფიო და ხმამაღალი ხმა კარგად ესმით, ამიტომ დასავლელი მეგობრები საქართველოს მთავრობას კანონპროექტის უკან წაღებისკენ მოუწოდებენ.
ერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ შეერთებულ შტატებში ამ მუხტს ხედავენ. ამ მუხტს ხედავს, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე კონგრესი, სენატი და ძალიან კარგი სიგნალები მოდის იქიდან, რადგან იციან, თუ რა სურს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს. ის მოლოდინები, რაც არის საქართველოდან, არ ვიცი, რამდენად თანხვედრაშია იმასთან, რასაც ვაშინგტონი ფიქრობს, თუმცა ჯიმ ო'ბრაიენის ძალიან საინტერესო ვიზიტი იქნება. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, ის რას იტყვის, თორემ მანამდე როგორც სენატი, ასევე წარმომადგენლობითი პალატა აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ვხედავთ, გვესმის საქართველოს მოსახლეობის ხმა და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ ეს რუსული სტილის კანონი, როგორც ისინი ეძახიან ამას, გაიწვიონ უკან. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახედილი იქნება შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა, ფინანსური დახმარება საქართველოსთვის და რა თქმა უნდა, საუბრობენ სანქციებზე ორივე პალატაში", - ამბობს ია მეურმიშვილი.