საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება სერიოზული შეცდომა იქნება, რადგან ფასს ახალგაზრდები გადაიხდიან - როთი

17.05.24 20:31
საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება სერიოზული შეცდომა იქნება, რადგან ფასს ახალგაზრდები გადაიხდიან - როთი

გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთიმ გერმანულ გამოცემა "Vorwärts"-ს ინტერვიუ მისცა - ევროპელმა პოლიტიკოსმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და საკუთარი პოზიცია გააჟღერა.

როთმა "ქართული ოცნება" ავტოკრატიულ მმართველობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება "ოლიგარქის" ხელშია, რომელსაც, მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება სურს.

ევროკომისიამ დააწესა თორმეტი პირობა. აქედან არც ერთი ჯერ არ შესრულებულა. პირიქით, რეალურად არის კონკრეტული ნაბიჯები უკან. ეს პრეზიდენტმა შეხვედრაზე დაგვიდასტურა. ზოგადად, საქართველოს პოლიტიკური მიმართულება არ არის სწორი", - ამბობს როთი. 

გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ინტერვიუში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საქართველოს მთავრობამ ევროპის ოჯახის კარი საკუთარ მოქალაქეებს დაუკეტა, თუმცა რუსული კანონის უკან გაწვევის შემთხვევაში, დაკეტილი კარი უმალვე გაიხსნება.

როთიმ ივანიშვილის გუნდი გულგრილობაში დაადანაშაულა და შეშფოთება გამოტახა იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად ოფიციალური ვიზიტისა, ევოპელი პოლიტიკოსები დისკუსიების გამართვის მიზნით პარლამენტში არ შეუშვეს.

26 წლის განმავლობაში არ მინახავს, მთავრობას ლაპარაკზე სრულად უარი ეთქვას. იმის მაგივრად, რომ ჩვენი დელეგაცია პარლამენტში შეეშვათ, "ქართული ოცნების" შტაბ-ბინაში მმართველი პარტიის თავმჯდომარეს შევხვდით დისკუსიაზე. შემდეგ მან აგვიხსნა, მაგალითად, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ოპოზიცია და მისი მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო" - დასძენს როთი.

ევროპელი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ "ქართულ ოცნებასთან" კანონპროექტის შინაარსის შესახებ მოლაპარაკების გამართვა არასწორი ნაბიჯია, რადგან როთის თქმით, რუსული კანონი სრულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.

"არ მგონია, რომ ივანიშვილის გუნდმა კვლავ მოიგოს არჩევნები ოქტომბერში და მათ დარჩეთ ძალაუფლება" - დასძენს როთი და იქვე ამატებს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეცდომა იქნება, რადგან ფასს არა ხელისუფლება, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეები გადაიხდიან.

ჩვენ უნდა მივცეთ მათ იმედი, რომ ევროპის კარი ღია დარჩება, თუ საქართველოს მთავრობა დაასრულებს ევროკავშირსა და რუსეთს შორის არსებულ პოლიტიკას", - განაცხადა როთიმ.

მსგავსი სიახლეები