ოკუპანტებმა ხარკოვში დასასვენებელი ბაზა დაბომბეს - დაღუპულებს შორის 7 თვის ორსულია
რუსეთმა ხარკოვის ოლქის სოფელ ჩერკასკაია ლოზოვაიას დასასვენებელ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ხარკოსვის ოლქის პოლიცია იტყობინება, რომ თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა და სულ მცირე, 16 დაშავდა.
„19 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, პოლიციამ მიიღო შეტყობინება ხარკოვის რაიონის სოფელ ჩერკასკაია ლოზოვაიაზე სარაკეტო იერიშის შესახებ. ადგილზე პოლიცია და ექიმები მივიდნენ, რის შემდეგაც აღნიშულ ქუჩაზე ხელმეორე დარტყმა განხორციელდა, - ნათქვამია შეტყობინებაში.
ცნობილია, რომ მსხვერპლთა შორის ასევე არის პოლიციელი და სასწრაფო დახმარების მედპერსონალი, რომლებსაც შემთხვევის ადგილზე დახმარების გაწევის დროს განმეორებით ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია ადგილობრივი მცხოვრებიც, რომელიც შორი-ახლოს თევზაობდა. პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ დაღუპულთაგან ერთი 7 თვის ორსული ქალი იყო.