"ირანის პრეზიდენტის მდგომარეობა ისევ უცნობია" - ირანის შს მინისტრი

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰმად ვაჰიდიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი რაისი და მისი თანმხლები პირები აზერბაიჯანიდან დაბრუნებისას რამდენიმე ვერტმფრენში იმყოფებოდნენ, აქედან ერთი ვერტმფრენი არახელსაყრელი ამინდის გამო ავარიულად დაეშვა.
„დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანდასწრებით გვქონდა ქიზ-კალასის კაშხლის ინაუგურაცია (ცერემონია) ამის შემდეგ პრეზიდენტი თავის გარემოცვასთან ერთად რამდენიმე შვეულმფრენით გაემგზავრა უკან დასაბრუნებლად. ერთ-ერთი ვერტმფრენი არახელსაყრელი ამინდის გამო ავარიულად დაეშვა“, - აღნიშნა ვაჰიდმა.
მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე მაშველები იმყოფებიან, თუმცა ნისლისა და რთული რელიეფის გამო, ვერტმფრენამდე მისვლას შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს.
პრეზიდენტის გარემოცვასთან გვაქვს კონტაქტი, მაგრამ რელიეფის სირთულის გამო კომუნიკაცია გარკვეულწილად რთულია. ველოდებით სამაშველო ჯგუფების მოსვლას შემთხვევის ადგილზე და ვერტმფრენის დაჯდომის ადგილზე, რათა მოგვაწოდონ ინფორმაცია“, - დასძინა მინისტრმა.