"ოცნება" კოშმარად იქცა" - კონგრესმენი კოენი

20.05.24 22:42
"ოცნება" კოშმარად იქცა" - კონგრესმენი კოენი

საქართველოში განვითარებული მოვლენები საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების მთავარი ობიექტია - ამჯერად "ამერიკის ხმასთან" განცხადებას ამერიკელი კონგრესმენი, სტივ კოენი აკეთებს.

კონგრესმენი ღიად აცხადებს, რომ ქართველი ოლიგარქის პარტიამ გეზი რუსეთისკენ აიღო, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაბრუნება და აღორძინება სურს.

"ქართული ოცნება" კოშმარად იქცა. რუსეთი საქართველოს მეგობარი არ არის, მაგრამ ივანიშვილის გუნდი ფიქრობს, რომ არის" - ამბობს კოენი და გამოთქვამს სურვილს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრად იხილოს.

ვისურვებდი, საქართველოს ევროკავშირის წევრად გახდომა მენახა. ვფიქრობ, სწორედ ესაა მათი სურვილი. მაგრამ რუსეთს სურს, ისინი კვლავ გახდნენ საბჭოთა კავშირის წევრები, თავი მეორე. [16 წლის წინ] ისინი შეიჭრნენ სამხრეთ ოსეთში და ყოველგვარი სინანულის გარეშე მიიტაცეს საქართველოს ნაწილი, რომელიც კვლავ ოკუპირებული აქვთ. რუსეთი საქართველოს მეგობარი არ არის, მაგრამ „ქართული ოცნება“ როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ არის და მათ აიღეს ეს თავისი კანონი პირდაპირ რუსეთისგან. ესაა ტიპური რუსული კანონი, რომელიც იქ აქვთ, და რითაც ისინი ემსგავსებიან რუსეთს...

ეს მახსენებს იმ დღეს, როცა “ოცნებამ” არჩევნებში [პირველად] გაიმარჯვა. მაშინ ვნახეთ უამრავი ადამიანი ქუჩებში, მთავარ გამზირზე. რა თქმა უნდა, [მას შემდეგ] “ოცნება” “კოშმარად” იქცა და არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. იმის ნაცვლად, რომ მთავრობა გამხდარიყო უფრო ღია და გამჭვირვალე, კანონის მეტი უზენაესობით, ის უფრო პრორუსული გახდა. კანონი, რომელიც მათ მიიღეს, ავალდებულებს ნებისმიერ ჯგუფს, რომელიც დაფინანსების 20%-ს იღებს უცხოეთიდან, გამოცხადდეს უცხო ქვეყნის მთავრობის აგენტად. ეს ნამდვილად არ არის მაღალი სტანდარტი. არიან ჯგუფები და ადამიანები, რომლებიც დემოკრატიის, გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობისთვის მუშაობენ, მაგრამ ამ ჯგუფში მოხვდებიან. ეს კი არ ნიშნავს, რომ ისინი რამენაირად უცხო ქვეყნის მთავრობების აგენტები არიან, - განაცხადა კონგრესმენმა.