არის საუბრები, რომ სენატი საქართველოსთან დაკავშირებით კანონპროექტს ცალკე იმუშავებს - ია მეურმიშვილი
რა პროცედურები უნდა გაიაროს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით წარდგენილმა კანონპროექტმა - ჟურნალისტი ია მეურმიშვილი "პირველი ხაზის" ეთერში განმარტავს, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო კანონის დამტკიცებამდე.
"ამერიკის ხმის" ყოფილი კორესპონდენტის ცნობით, კანონპროექტი ქვეკომიტეტში, სავარაუდოდ, 21 მაისს დარეგისტრირდება, რის შემდეგაც ინიციატივას კომიტეტში წარადგენენ და კონგრესმენები კანონპროექტზე სასაუბროდ სხვადასხვა ექსპერტებს მოიწვევენ.
"შესაძლოა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იყოს წარმოდგენილი" - ამბობს ჟურნალისტი და იქვე დასძენს, რომ ინიციატივის გასვლის შემთხვევაში, გარკვეული ვალდებულება სახ.დეპს დაეკისრება.
ია მეურმიშვილის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატი საქართველოსთან დაკავშირებით კანონპროექტს ცალკე იმუშავებს, თუმცა როგორც ჟურნალისტი აცხადებს, ამ დროისთვის დეტალები უცნობია.
კანონპროექტი, სავარაუდოდ, დღეს დღის ბოლომდე დარეგისტრირდება ქვეკომიტეტში და ამის შემდეგ იწყება კონგრესში პროცესი, როდესაც კომიტეტში ხდება წარდგენა და ამის შემდეგ კომიტეტი იწვევს სხვადასხვა ექსპერტებს ამ კანონპროექტზე სასაუბროდ. მიწვეული იქნებიან ექსპერტები, რომლებიც ისაუბრებენ კანონზე, საქართველოზე. ასევე მოსალოდნელია, რომ მოსმენაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იყოს წარმოდგენილი, გამომდინარე იქიდან, რომ სახ.დეპს გარკვეული ვალდებულებები ეკისრება ამ კანონპროექტის გასვლის შემთხვევაში. ამის შემდეგ თუ არის რაიმე ცვლილება კანონპროექტში შესატანი, ან დამატება, ეს შედის და შემდეგ ეგზავნება სრულ პალატას. იმისთვის, რომ კანონპროექტი დამტკიცდეს სრულ პალატაში, საჭიროა უმრავლესობა. ამის შემდეგ კანონპროექტი ეგზავნება სენატს. სენატშიც იგივე პროცედურები მიმდინარეობს. არის საუბარი, რომ სენატიც ასევე იმუშავებს კანონპროექტს და ეს ორი პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს. დეტალები არ გვაქვს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ იქაც იქნება მსგავსი კანონპროექტი. ამის შემდეგ ხდება ორივე პალატაში კანონპროექტზე ცალ-ცალკე კენჭისყრა, ამ ორი ტექსტის შერწყმა და ხდება კენჭისყრა ცალ-ცალკე პალატაში ამ ერთ გაერთიანებულ ტექსტზე. შემდეგ ეგზავნება პრეზიდენტს, რომელსაც აქვს 10 დღე, რომ ხელი მოაწეროს და ხელმოწერის შემდეგ შედის ძალაში", - ამბობს ია მეურმიშვილი.
პირველად ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიაში ამერიკის კონგრესს სანქციების პაკეტი წარედგინება. კანონპროექტი ითვალისწინებს ხელისუფლების ყველა იმ მაღალჩინოსნის იდენტიფიცირებას, ვინც რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელია. ანუ, ამ სიაში, სავარაუდოდ, ავტომატურად მოხვდება ის 84 დეპუტატიც, რომლებმაც ანტიევროპულ კანონს მხარი დაუჭირეს.
ასევე სანქციები გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ადამიას უფლებათა დარღვევაში არიან მხილებული. ანუ, იმ პოლიციელებზე, რომლებიც აქციის მონაწილეების სასტიკი დარბევის განკარგულებებს გასცემდა. საუბარია შეერთებულ შტატებში გადაადგილების აკრძალვაზე და ფინანსურ შეზღუდვებზე. კანონპროექტს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე - ჯო უილსონი წარადგენს. კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლება პატრიოტი ქართველების წინააღმდეგ მიდის და ამერიკამ დემოკრატიული პრინციპები უნდა დაიცვას.