უკრაინას მივეცით უფლება საზღვრის გასწვრივ საპასუხო ცეცხლი გახსნას - მაიკლ კარპენტერი

01.06.24 19:47
უკრაინას მივეცით უფლება საზღვრის გასწვრივ საპასუხო ცეცხლი გახსნას - მაიკლ კარპენტერი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სპეციალური თანაშემწე, მაიკლ კარპენტერი "ამერიკის ხმასთან" რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საუბრობს - თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინელებს სრული უფლება აქვთ საპასუხო დარტყმა იმ სამიზნეებზე განახორციელონ, საიდანაც მათი ქალაქები და სოფლები იბომბება.

საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ უკრაინელებმა თეთრ სახლს თხოვნით მიმართეს. კერძოდ, მისი თქმით, ომში ჩართულ ქვეყანას ამერიკული იარაღის გამოყენება სურდა საზღვრის მეორე მხარეს იერიშის მისატანად.

პრეზიდენტმა ამ საქმის შესწავლა ეროვნული უშიშროების თავის გუნდს დაავალა და ახალი მითითება ამოქმედდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გათვალისწინებულია ხარკოვის რეგიონზე მიმდინარე თავდასხმა, ის კონტექსტი, რომ უკრაინაზე იერიშების განმახორციელებელი იარაღი, მისი სისტემები სწორედ საზღვრის მეორე მხარესაა განლაგებული. პრეზიდენტმა მისცა უფლება უკრაინას, გამოიყენონ ამერიკული მიწოდებული იარაღი საპასუხო ცეცხლის გასახსნელად“, - ამბობს კარპენტერი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი განმარტავს, რომ დაწესებული შეზღუდვა შორი რადიუსის სარაკეტო სისტემებზე კვლავ მოქმედებს, თუმცა შეცვლილი პოლიტიკით მიეცემათ საშუალება, რომ საზღვრის გასწვრივ მდებარე თავდასხმითი იარაღის წინააღმდეგ საპასუხო ცეცხლი გახსნან.

კარპენტერი აცხადებს, რომ შეცვლილი პოლიტიკა ე.წ. "ატაკმსებს", ან შორი რადიუსის სხვა სისტემების გამოყენებას არ შეეხება.

ეს არის ამერიკის და პირადად პრეზიდენტის მხრიდან კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ ჩვენ ერთგულად ვუჭერთ მხარს უკრაინას და საშუალებას ვაძლევთ უკრაინელებს დაიცვან თავიანთი ქალაქები, სოფლები, დასახლებები, რომლებიც ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში, რუსეთის სასტიკი აგრესიის სამიზნე იყო“, - განმარტავს მაიკლ კარპენტერი.

მსგავსი სიახლეები