რუსეთი აფრიკელ სტუდენტებს უკრაინის წინააღმდეგ ომში აგზავნის - Bloomberg

რუსეთი აწარმოებს გლობალურ კამპანიას უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცების გადაბირების მიზნით სულ მცირე 21 ქვეყანაში, მათ შორის აფრიკის რამდენიმე სახელმწიფოში. კონტრაქტორებად გაფორმების სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთი მომგებიან პრემიებს და ხელფასს ჰპირდება. კრემლი ასევე აგზავნის ათასობით მიგრანტს და უცხოელ სტუდენტს, რათა იბრძოლონ რუსეთის ჯარებთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ვაგნერის დაქირავებული ჯგუფის პიონერული ტაქტიკის გამოყენებით, რუსი ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად იმუქრებიან, რომ არ გაუხანგრძლივებენ ვიზებს აფრიკელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მუშაკებს, თუ ისინი არ დათანხმდებიან შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებას, - წერს გაზეთი ამ საკითხთან დაკავშირებით მცოდნე ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
აღნიშნულია, რომ ზოგიერთი აფრიკელი, რომლებიც სამუშაო ვიზებით იმყოფებიან რუსეთში, დააკავეს და აიძულეს არჩევანი გაეკეთებინა დეპორტაციასა და ფრონტზე გაგზავნას შორის. ზოგიერთმა შეძლო ჩინოვნიკების მოსყიდვა ქვეყანაში დარჩენისა და სამხედრო სამსახურის თავიდან აცილების მიზნით, - თქვა ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.