აშშ გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში - ჯიმ ო’ბრაიენი

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ამერიკის შეერთებული შტატები გმობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, რომ შტატები "არ ცნობს ყალბ "საპარლამენტო არჩევნებს", რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა".
ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა. ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარს სრულად ვუჭერთ“, - წერს ჯიმ ო’ბრაიენი X-ზე.
ოკუპირებული ცხინვალის არაღიარებული რეჟიმი ეგრეთწოდებულ საპარლამენტო არჩევნებს ატარებს. საარჩევნო უბნები 9 ივნისს, დილიდან გაიხსნა მოსკოვსა და ვლადიკავკაზშიც. პროცესში, რომლის ლეგიტიმაციაც წინასწარვე სადავოა, ჯამურად 7 პოლიტიკური პარტია იღებს მონაწილეობას. დაწესებულია ბარიერიც. იმისთვის, რომ პარტია ეგრეთწოდებულ პარლამენტში მოხვდეს, მას 7%-ანი ბარიერის გადალახვა მოუწევს.
კიდევ ერთი პირობის მიხედვით კი არჩევნების ცნობისთვის საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეობა 50 პროცენტს პლუსს ერთმა მომრჩეველმა მიიღოს მონაწილეობა. საარჩევნო სიებში ჯამში 29 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი არ მისცეს პარტია "სამართლიანობისთვის". ამ პარტიის ლიდერებს დავით სანაკოევს, გარი მულდაროვსა და ძამბოლათ მედოევს რუსეთმა ცოტა ხნის წინ მოქალაქეობა ჩამოართვა.