100-ზე მეტი დაშავებული და 70 დაკავებული - პროტესტი ერევანში

13.06.24 10:57
100-ზე მეტი დაშავებული და 70 დაკავებული - პროტესტი ერევანში

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, პარლამენტთან დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის 12 ივნისს მომხდარი დაპირისპირების შედეგად 101 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 16 პოლიციელია.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 85-მა პირმა სამედიცინო დაწესებულებები პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ დატოვა, სხვები კი კლინიკაში ამ დრომდე რჩებიან.

მომიტინგეების დასაშლელად სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებები, მათ შორის, აკუსტიკური იარაღი გამოიყენეს. სომხეთის ხელისუფლებამ პოლიციის ქმედებებს კანონიერი უწოდა. მეტიც, საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მასობრივი არეულობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის მუხლით.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის სულ მცირე 70 მონაწილე.

მხარეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სომხეთის პარლამენტის შენობასთან პოლიციის კორდონების გარღვევა სცადეს, რა დროსაც პარლამენტში ფაშინიანიც იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის და დროებითი მთავრობის შექმნის მოთხოვნით მაისის დასაწყისიდან გრძელდება. გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო შეთანხმების საფუძველზე ბაქომ სომხეთის ტავუშის რაიონთან მოსაზღვრე ოთხი სოფელი დაიბრუნა.

მსგავსი სიახლეები