ბუქარესტში, ეუთოს სამიტზე, რუსეთის დელეგაციას არ დაუშვებენ - კარასინი

უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, ბუქარესტში გასამართ ეუთოს სამიტზე რუსეთის დელეგაციას არ დაუშვებენ - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი ავრცელებს.
კარასინი ტელეგრამ არხზე წერს, რომ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის დელეგაციის არც ერთ წევრს ვიზას არ მისცემენ.
ბუქარესტში ივნისის ბოლოს დაინიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. ჩვენ, ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა ქვეყანამ, მივიღეთ ნოტა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. მასში ნათქვამია, რომ „უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გათვალისწინებით“, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის არცერთ წევრს არ ექნება ვიზა, ან ქვეყანაში შესვლის უფლება.
ბრავო, რუმინელებო! თქვენ წვლილი შეგაქვთ ევროპაში თანამშრომლობისთვის ამ ოდესღაც სასარგებლო ორგანიზაციის განადგურებაში. ჩვენ აუცილებლად დავიმახსოვრებთ ამას" - წერს კარასინი.