EPP-მ "სოციალისტებმა" და "ლიბერალებმა" გარიგება დადეს და ევროკავშირის წამყვანი პოსტები ერთმანეთში გაინაწილეს - ორბანი

„ევროპის სახალხო პარტია“ გაერთიანდა სოციალისტებთან და ლიბერალებთან, მათ გარიგება დადეს და ევროკავშირის წამყვანი პოსტები ერთმანეთში გაინაწილეს – ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე ევროკავშირის ლიდერების შეხვედრას, სადაც წამყვან პოსტებზე კანდიდატები უნდა შეეთანხმებინათ.
ორბანი ამბობს, რომ "ევროპელი ხალხის ნება ბრიუსელში დღეს უგულებელყოფილი იყო"
ევროპელი ხალხის ნება დღეს ბრიუსელში უგულებელყოფილი იყო. ევროპული არჩევნების შედეგი ნათელია: მემარჯვენე პარტიები გაძლიერდა, მემარცხენეებმა და ლიბერალებმა პოზიციები დაკარგეს. „ევროპის სახალხო პარტია“, იმის ნაცვლად, რომ ამომრჩევლებს მოუსმინოს, საბოლოოდ გაერთიანდა სოციალისტებთან და ლიბერალებთან: დღეს მათ გარიგება დადეს და ევროკავშირის წამყვანი პოსტები ერთმანეთში გაინაწილეს. მათ არ ადარდებთ რეალობა, არ ადარდებთ ევროპული არჩევნების შედეგები და არ ადარდებთ ევროპელი ხალხის ნება.
ჩვენ არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები: ისინი გააგრძელებენ მიგრაციის მხარდაჭერას და რუსეთ-უკრაინის ომისთვის მეტი ფულისა და იარაღის გაგზავნას. ჩვენ ამას არ ავყვებით! ჩვენ გავაერთიანებთ ევროპელი მემარჯვენეების ძალებს და ვიბრძოლებთ მიგრაციისა და ომის მხარდამჭერი ბიუროკრატების წინააღმდეგ“, – წერს ორბანი.
ევროკავშირის ლიდერები ახალი ხელმძღვანელების კანდიდატურებზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. საკითხი ბრიუსელში, არაფორმალურ შეხვედრაზე, 17 ივნისს განიხილებოდა.
ევროკომისიის პრეზიდენტობა მეორე ვადით სურს გერმანელ ურსულა ფონ დერ ლაიენს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტად განიხილება პორტუგალიელი ანტონიუ კოშტა, რომელსაც მხარს უჭერს ევროპარლამენტში მანდატების რაოდენობით მეორე ადგილზე მყოფი სოციალისტების და დემოკრატების ფრაქცია.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად განიხილება ესტონელი კაია კალასი. რაც შეეხება ევროპარლამენტს, მას, სავარაუდოდ, კვლავ მალტელი რობერტა მეცოლა უხელმძღვანელებს.