უკრაინაში პრორუსული პარტია "ჩვენი რეგიონი" აკრძალეს

უკრაინაში პრორუსული პოლიტიკური პარტია "ჩვენი რეგიონი" აკრძალეს - მერვე ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს სარჩელი, პარტიის საქმიანობის აკრძალვის შესახებ, დააკმაყოფილა.
SBU-ს გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალის ცალკეული ლიდერები და წევრები უკრაინის წინააღმდეგ დივერსიულ საქმიანობაში არიან ჩართულნი.
კერძოდ, ისინი ანტიუკრაინულ პროპაგანდას, კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის მოწოდებებს ავრცელებდნენ. მათი ზოგიერთი წევრი კი ღიად უჭერს მხარს რუსულ აგრესიას უკრაინაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, პარტიის რეგიონული ფილიალების უმეტესობა უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში ფუნქციონირებს და ამჟამად მიმდინარეობს
ღონისძიებები უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, პარტიის წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიტიკური პარტიის ქონება და სხვა აქტივები სახელმწიფოს გადაეცემა.
ცნობისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში ჯამურად 19 პრორუსული პოლიტიკური პარტია აკრძალეს.