"ადამიანები ფანჯრიდან ხტებოდნენ" - მოსკოვის მახლობლად თავდაცვის კვლევითი ინსტიტუტის შენობა დაიწვა

25.06.24 10:33
"ადამიანები ფანჯრიდან ხტებოდნენ" - მოსკოვის მახლობლად თავდაცვის კვლევითი ინსტიტუტის შენობა დაიწვა

 

მოსკოვის რეგიონში, ქალაქ ფრიაზინოში მდებარე პლატანის კვლევითი ინსტიტუტის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევას, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მედიის ცნობით, რვა დაღუპულიდან ორი ფანჯრიდან გადმოხტა, დანარჩენი კი შენობის შიგნით იმყოფებოდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი მე-5-8 სართულებზე გავრცელდა. მაღალი ტემპერატურისა და ხშირი კვამლის გამო ხანძრის ლოკალიზება დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

ხანძრის ჩაქრობაში 100-ზე მეტი მეხანძრე და 40 ტექნიკა, მათ შორის ორი სახანძრო ვერტმფრენი იყო ჩართული. ხანძრის ფართობი 4,5 ათასი კვადრატული მეტრი იყო. 

რუსული SHOT საჯარო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძრის მიზეზად უსაფრთხოების წესების დარღვევა სახელდება. ხანძარი შესაძლოა, იმ ოთახში გაჩნდა, სადაც ფარები იყო თავმოყრილი. კომპანიის თანამშრომლებს შესაძლოა სამსახურის დატოვებამდე აღჭურვილობის გამორთვა დაავიწყდათ.

მსგავსი სიახლეები