ისტორიული მომენტი დემოკრატიისთვის და გეოპოლიტიკური ვითარება - უცხოელი ექსპერტების ვიზიტი თბილისში
გადამწყვეტი ისტორიული მომენტი დემოკრატიისთვის და საფრთხეები, რომელიც საქართველოში არსებობს - ეს არის მთავარი საკითხი, რომელზეც მსოფლიოდან შეკრებილი ექსპერტები თბილისში ამ წუთებში მსჯელობენ.
"სამოქალაქო იდეის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება "ქართული ოცნების" მიერ ანაკლიის პორტის ჩინური კომპანიისთვის ჩაბარებას ეთმობა.
თბილისში ჩამოსული ექსპერტები საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის წინა პლანზე წამოწევას განიხილავენ და ამბობენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით რუსეთს კიდევ უფრო დაუახლოვდა.
მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, რუსეთი კიდევ უფრო დაუახლოვდა ჩინეთს, შესაბამისად დაიძაბა ურთიერთობა ჩინეთსა და ამერიკას შორის, რადგან ამერიკა უკრაინას ეხმარება. საქართველოს პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, თუ რუსეთი შენი პრობლემაა, მაშინ ჩინეთიც შენთვის პრობლემას უნდა წარმოადგენდეს. ჩინეთი ახლა მეორე ყველაზე ძლიერი ქვეყანაა მსოფლიოში, ყველა ქვეყანას საქართველოს ჩათვლით ექნება ურთიერთობა ჩინეთთან, მაგრამ არ უნდა გახდე ჩინეთზე დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლებას ეკომფორტულება რუსეთთან და ჩინეთთან მუშაობა ვიდრე ამერიკასთან", - ამბობს ლინკოლნ მიტჩელი.
"ჰუვერის ინსტიტუტის" მკვლევარი, გლენ ტიფერი დარწმუნებულია, რომ ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა არა ეკონომიკური, არამედ თავდაცვითი გათვლაა.
საქართველოს აქვს შანსი ჩინეთთან ურთიერთობის ჩამოყალიბებით გარდამტეხი როლი ითამაშოს კავკასიის რეგიონში. ჩინეთისთვის საქართველოს ტერიტორია სტრატეგიულად ძალიან მომგებიანია, რუსეთს გარეთ მათ ექნებათ კიდევ ერთი საზღვაო გზა და პარტნიორი ქვეყანა ხელსაყრელი მდებარეობით მოსალოდნელი ომის შემთხვევაში დასავლეთთან. სინამდვილეში ეკონომიკურზე მეტად თავდაცვითი გათვლაა ანაკლიის პორტი ჩინეთისთვის", - ამბობს გლენ ტიფერტი.