"ოქროს ბუცისკენ მიმავალ გზაზე რონალდუ კი არა, მიქაუტაძე დგას" - საერთაშორისო მედია

27.06.24 14:17
"ოქროს ბუცისკენ მიმავალ გზაზე რონალდუ კი არა, მიქაუტაძე დგას" - საერთაშორისო მედია

გაბრაზებული პორტუგალია, შეშინებული ესპანეთი და გაოცებული მსოფლიო - საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებამ ევროპის ჩემპიონატზე ნამდვილი ფურორი მოახდინა.

ვიდრე რონალდუს ნაკრებს შეცდომებს უთვლიან და ვერ პატიობენ, სპორტული გამოცემები უკვე წერენ, რომ ოქროს ბუცისკენ მიმავალ გზაზე კრიშტიანუ რონალდუს ნაცვლად გიორგი მიქაუტაძე დაწინაურდა.

მატჩიდან გაიხსენებენ ხვიჩა კვარაცხელიას მოცეკვავე ფეხებს, გურამ კაშიას უხეშ ძალას, სიძლიერეს და სიმამაცეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რონალდუმ კარიერაში ვერ გაიტანა გოლი დიდი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე. გერმანიაში ოქროს ბუცისკენ მიმავალ გზაზე რონალდუ კი არა, მიქაუტაძე დგას. მარტინესმა აღიარა, რომ მის გუნდს ქართველი ფეხბურთელების გამარჯვების შიმშილისთვის გამკლავება გაუჭირდა", - წერს გარდიანი.

პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის მიმართ კრიტიკა არ წყდება. პორტუგალიელები მას არასწორ ქმედებებსა და გათვლებში ადანაშაულებენ და წერენ, რომ გუშინდელი თამაში სუსტი იყო და პორტუგალია ქებას არ იმსახურებს.

სუსტი თამაში, ბევრი შეცდომა, უსულო გუნდი. რობერტო მარტინესმა თითქმის ყველაფერი შეცვალა და ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. აუცილებელია, თავდაპირველ ფორმულას დავუბრუნდეთ", - წერს ABOLA.

ამასთანავე, კრიტიკის ქარცეცხლშია მოქცეული კრიშტიანუ რონალდუც. მსოფლიო დონის ფეხბურთელს მატჩის სუსტად წაყვანას ახსენებენ და უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილის გოლი ვერ გაუტანა.

პორტუგალიამ საქართველოს წინააღმდეგ ძალიან ცუდად ითამაშა და მიწაზე დაენარცხა. კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ საქართველოს ისტორიული წარმატება მოაპოვებინეს. რობერტო მარტინესის გუნდს ძალიან ცუდი დღე ჰქონდა", - წერს RTP.

ჩვენ მოვიგეთ - ზღაპარი გრძელდება. დღეს სახალხო ზეიმის დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედ ფინალშია. ქართველმა ფეხბურთელებმა სასწაული შეძლეს. მინიმალური შანსი ბოლომდე გამოიყენეს, პორტუგალიელების უძლეველობის მითი დაამსხვრიეს და თამაში გამანადგურებელი ანგარიშით დაასრულეს.

საქართველოს ნაკრებმა აუფ შალკეს მოედანზე დაამარცხა გუნდი, რომელიც წლების წინ ევროპის ჩემპიონი გახდა. თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ხვიჩა კვარაცხელიას გახსნილი ანგარიშით და გიორგი მიქაუტაძის ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი დარტყმით ახალი ისტორია დაიწერა. ეროვნული ნაკრები ახლა ახალი ბრძოლისთვის ემზადება. მეტოქე კიდევ უფრო ძლიერი, ესპანეთი  იქნება. თამაში კიოლნში, 30 ივნისს გაიმართება.