დაბომბვის დროს, სამ ბავშვს გულის ოპერაციას უტარებდნენ, ახლა მათ გადარჩენას ვცდილობთ - უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ ლიაშკოს განცხადებით, რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად "ოჰმატდეტის" ბავშვთა საავადმყოფოს ხუთი განყოფილება და ბავშვთა კარდიოქირურგიის ცენტრის ერთი შენობა დაზიანდა.
ლიაშკოს თქმით, საავადმყოფოს დარჩენილ ნაწილს ამჟამად არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი. ასევე არ აქვთ ჟანგბადი.
მთლიანად დაინგრა ტოქსიკოლოგიის განყოფილება, სადაც ბავშვები იყვნენ დიალიზზე. მთავარი ამოცანაა ონკოჰემატოლოგიის შენობიდან ევაკუაცია, ეტაპობრივად გადაგვყავს სხვა საავადმყოფოებში, რადგან არ არის შუქი, არ არის ჟანგბადი და არ არის წყალმომარაგება“, - განმარტა ლიაშკომ.
კარდიოქირურგიის ცენტრის დირექტორის ცნობით, დაბომბვის დროს გულის სამი ოპერაცია მიმდინარეობდა. პაციენტებმა კი ნამსხვრევებისგან გულმკერდის ღრუს დაზიანებები მიიღეს.
ახლა მეორე საავადმყოფოს ბაზაზე ექიმები ცდილობენ გადაარჩინონ იმ ჩვილების სიცოცხლე, რომლებსაც კარდიოქირურგიის ცენტრში ოპერაციას უკეთებდნენ" - თქვა ლიაშკომ.
უმძიმესი ცნობები უკრაინიდან - ამ წუთებშიც ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანა მიმდინარეობს. ოცზე მეტი მოკლული და 100-მდე დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქე. თუმცა ეს ჯერ ბოლო ინფორმაცია არ არის.
ოკუპანტებმა მიწასთან გაასწორეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საავადმყოფო კიევში, სადაც ონკოპაციენტები მკურნალობენ. ახმადტეტის შენობას ჭურვები იმ დროს ესროლეს, როცა ექიმები ბავშვების გადარჩენას ცდილობდნენ.
კადრები, რომელიც კიევიდან ვრცელდება უმძიმესი სანახავია. პუტინმა უკვე მერამდენედ სამხედრო დანაშაული ჩაიდინა და სასიკვდილოდ გაიმეტა მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. კიევის გარდა საოკუპაციო ძალებმა დაბომბეს უკრაინის სხვა დიდი ქალაქები. ამ მასშტაბურ იერიშამდე რამდენიმე დღით ადრე კი რუსეთის პრეზიდენტთან ჩასული ორბანი დიქტატორს ომის დასრულების საჭიროებაზე ესაუბრებოდა.