საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია - თეთრი სახლი

08.07.24 22:37
საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია - თეთრი სახლი

"საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია" - ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

კარპენტერის თქმით, საქართველოში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, რუსული კანონის მიღება და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის ღირებულებებს პირდაპირ და მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება. 

გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სივრცეს ზღუდავს, ეს არ შეესაბამება ღირებულებებს, რომლებიც ნატო-ს ალიანსს საფუძვლად უდევს და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ თავსებადია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან, მათ შორის ევროკავშირთან.

ცხადია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით. ჩვენ დიდი ხანია მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში საქართველოს მხარდასაჭერად. “, - აცხადებს მაიკლ კარპენტერი ჟურნალისტებთან საუბრისას.

აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო  - ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები