სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა

28.07.21 18:38
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება კვლავ განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სროლები აზერბაიჯანის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთზე, კალბაჯარის რაიონში, დაიწყო, რის შედეგადაც 2 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა.

ოფიციალური ერევანი ბაქოს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.
,,მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას" - აცხადებენ სომხეთის ხელისუფლებაში.

ანალოგიური ბრალდება აქვს აზერბაიჯანის ხელისუფლებასაც. ის ოფიციალურ ერევანს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.  

მთიანი ყარაღის გარშემო სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება 2020 წელს განახლდა, სექტემბრის ბოლოს კი მასშტაბურ სამხედრო ოპერაციაში გადაიზარდა. კონფლიქტის დროს 6000 ადამიანი დაიღუპა. 

2020 წლისი ნოემბერში სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ პუტინმა, ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას.