რუსეთში WSJ-ის ჟურნალისტი გაასამართლეს და 16 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაუშვეს
რუსეთში WSJ-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი გაასამართლეს და 16 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაუშვეს. ამის შესახებ BBC-ის რუსული რედაქცია წერს.
გერშკოვიჩი 2023 წლის მარტში ეკატერინბურგში დააკავეს, სადაც WSJ-ის რედაქციის სახელით მივლინებით იმყოფებოდა. სასამართლო პროცესის მოლოდინში ჟურნალისტმა 15 თვე გაატარა მოსკოვის ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში.
პროკურატურის თქმით, გერშკოვიჩმა "აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მითითებით 2023 წლის მარტში შეაგროვა საიდუმლო ინფორმაცია სვერდლოვსკის რეგიონში თავდაცვის საწარმოს „ურალვაგონზავოდის“ საქმიანობის შესახებ."
ФСБ-ს განცხადებით, ჟურნალისტი დააკავეს "საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების მცდელობისას", ხოლო რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი "მასალებით ხელში დაიჭირეს".
გერშკოვიჩი ბრალს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ მისი საქმიანობა წმინდა ჟურნალისტური იყო. ბრალდებებს არ ეთანხმებიან WSJ-ის რედაქტორებიც და საქმეს ფიქტიურს უწოდებენ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გერშკოვიჩი არასდროს უმუშავია სახელმწიფოსთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რეპორტიორის დაკავებას "სრულიად უკანონო" უწოდა.
გერშკოვიჩი გახდა პირველი ამერიკელი ჟურნალისტი თანამედროვე რუსეთის ისტორიაში, რომელსაც დაადანაშაულეს ჯაშუშობაში.