გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების დაკავება უკანონოდ ცნო
გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების დაკავება და იქ გაშენებული დასახლებები უკანონოდ ცნო.
დადგენილებაში მოთხოვნილია, რომ ისრაელმა ტერიტორია რაც შეიძლება მალე დატოვოს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს დადგენილება სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გარკვეული წონა აქვს და ისრაელის მიმართ მხარდაჭერის შესუსტება შეუძლია.
ისრაელის მიმართ ვალდებულება მოიცავს ზარალის ანაზღაურებასა და ამ დასახლებებიდან იქ მცხოვრებთა ევაკუაციას.
სასამართლოს დადგენილებას გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და განაცხადა, რომ ებრაელი ხალხი საკუთარ მიწაზე ოკუპანტი არ არის.
„ებრაელი ხალხი არ არის ოკუპანტი საკუთარ მიწაზე - არც ჩვენს მარადიულ დედაქალაქ იერუსალიმში, არც ჩვენი წინაპრების მიწაზე იუდეასა და სამარიაში. ჰააგის სასამართლოს ვერცერთი ცრუ გადაწყვეტილება ვერ დაამახინჯებს ამ ისტორიულ სიმართლეს, ისევე როგორც ისრაელის დასახლებების კანონიერება ჩვენი სამშობლოს ყველა ტერიტორიაზე არ შეიძლება სადავო იყოს“, - განაცხადა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.