პუტინი მკვლელია, მაგრამ არა ემოციური... უკრაინაში ომის ცხელი ფაზა შესაძლოა, წლის ბოლომდე დასრულდეს - ზელენსკი
უკრაინაში ომის ცხელი ფაზა ოკუპირებული ტერიტორიების ძალის გამოყენებით დაბრუნების გარეშე შესაძლოა წლის ბოლომდე დასრულდეს - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინა ამზადებს საპასუხო გეგმას, რომელსაც რუსეთს შესთავაზებს. ბრიტანულმა მედიამ ზელენსკის ჰკითხა, იქნება თუ არა იგი ქვეყნის პრეზიდენტი, თუკი ომი კიდევ 10 წელი გაგრძელდება, რაზეც ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა, რომ "არავინ დათანხმდება ომს, რომელიც დამატებით 10 წელს ან მრავალ წელს გაგრძელდება".
„თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანები და მივყვებით, მაგალითად, სამშვიდობო სამიტის ფორმატს, შეგვიძლია დავასრულოთ ომის ცხელი ეტაპი, შეგვიძლია ვცადოთ ეს მიმდინარე წლის ბოლომდე, გეგმა ნებისმიერ შემთხვევაში მზად იქნება. (...) მაგრამ ეს გეგმა უნდა იყოს შეთანხმებული პარტნიორებთან, რათა არავინ ითამაშოს ომის დასრულებაზე თავისი ინიციატივებით და შემდეგ პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც განახორციელებენ ზეწოლას რუსეთზე, რათა რუსეთი დათანხმდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაზე და იფიქროს ომის დასრულებაზე" - ამბობს პრეზიდენტი.
უკრაინის პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში რუს დიქტატორზეც ისაუბრა და პუტინს "პრაგმატული მკვლელი" უწოდა.
მკვლელებზე ვსაუბრობთ. ისინი განსხვავებულები არიან. არიან მასობრივი მკვლელები, არიან ისეთებიც, რომლებიც ემოციურები არიან. და არიან ძალიან პრაგმატულები. მე ვიტყოდი, რომ ის არის პრაგმატული მკვლელი. ანუ ის გასცემს ბრძანებებს, მაგრამ ეს მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს“, - ამბობს ზელენსკი.
ზელენსკიმ უშუალოდ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაც არ გამორიცხა
„მეორე სამშვიდობო სამიტზე, თუ გეგმა სრულად იქნება მომზადებული და თუ რუსეთი მზად იქნება ისაუბროს ამ გეგმის მიხედვით და დათანხმდეს ომის დასრულებას გაერო-ს წესდების შესაბამისად, მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვისაუბროთ რუსეთის წარმომადგენლებთან და ეს იქნება პუტინი თუ არ იქნება პუტინი - რა განსხვავებაა? ჩვენ დაველაპარაკებით მათ, ვინც რუსეთში ყველაფერს წყვეტს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.