პასუხი ორბანს: EU-ს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბუდაპეშტის ნაცვლად, ბრიუსელში გაიმართება
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბუდაპეშტის ნაცვლად ბრიუსელში გაიმართება.
როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის რეაქცია უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის პოზიციაზე უკრაინასთან დაკავშირებით.
"ჩვენ უნდა გავგზავნოთ სიგნალი, თუნდაც სიმბოლური, რომ თუ თქვენ ეწინააღმდეგებით ევროკავშირის ძირითად პოლიტიკას და უარყოფთ ევროკავშირის პოლიტიკას და უწოდებთ მას ომის მხარეს, ამას გარკვეული შედეგები უნდა მოჰყვეს“, - თქვა ბორელმა.
აღსანიშნავია, რომ როტაციის პრინციპით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ამჟამად უნგრეთია.