ბრიტანეთის საუთპორტში ბავშვების მკვლელობის შემდეგ არეულობები დაიწყო - 27 პოლიციელი კლინიკაში მოათავსეს
ინგლისის ქალაქ საუთპორტში, ლივერპულთან ახლოს, სადაც ორშაბათს ბავშვთა საცეკვაო კლუბში სამი გოგონა დაჭრეს და კიდევ რამდენიმე ბავშვი დაშავდა, მომხდარიდან მეორე დღეს ანტიისლამური არეულობა დაიწყო.
რამდენიმე ასეულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ინგლისელმა რადიკალმა ნაციონალისტებმა, ადგილობრივ მეჩეთს ქვები, ბოთლები და სხვა ნივთები დაუშინეს. ნივთებს ესროდნენ პოლიციასაც, რომელიც მათ შეჩერებას ცდილობდა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის მიკროავტობუსს და ნაგვის კონტეინერებს.
ადგილობრივმა სასწრაფო დახმარების სამსახურმა ღამის პირველი საათზე განაცხადა, რომ დაშავდა 22 პოლიციელი, რომელთაგანაც 11 კლინიკაში გადაიყვანეს, საათნახევრის შემდეგ კი განაცხადეს, რომ უკვე დაშავებული უკვე 39 პოლიციელია, 27 კი სამედიცინო დაწესებულებაში განათავსეს. ადგილობრივმა პოლიციამ თავად განმარტა, რომ მათმა ცხრა თანამშრომელმა მძიმე დაზიანებები მიიღო - მოტეხილობები, ჭრილობები და ტვინის შერყევა.
პოლიცია თავის განცხადებებში ისლამისა და მუსლიმების ხსენებას თავს არიდებს, მაგრამ რეგიონული ისლამური ორგანიზაციის განცხადებიდან და ზოგადი კონტექსტიდან ირკვევა, რომ ბუნტი იმ ადამიანებმა გამოიწვიეს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ბავშვთა კლუბში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს., მუსლიმი და რადიკალი ისლამისტი იყო.