მნიშვნელოვანი პასუხია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიაზე - სენატორი აშშ-ის დახმარების შეჩერებაზე

01.08.24 09:57
მნიშვნელოვანი პასუხია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიაზე - სენატორი აშშ-ის დახმარების შეჩერებაზე

ამერიკელი კონგრესმენები შტატების მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე მწვავე განცხადებებს აკეთებენ -აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი აცხადებს, რომ "ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება აუცილებელი პასუხია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიაზე".

ამერიკელი დიპლომატი პირდაპირ ამბობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელმა ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა განაპირობა, რაც მისი თქმით, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ და ჩრდილოატლანტიკურ მომავალს.

ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისთვის საგარეო დახმარების უმეტესი ნაწილის შეჩერების თაობაზე, მნიშვნელოვანი და აუცილებელი პასუხია ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმდინარე ეროზიაზე. 

საქართველოს მთავრობის ბოლო ქმედება - განსაკუთრებით რუსული სტილის აგენტების კანონის ამოქმედება - წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოებაზე და დამოუკიდებელ მედიაზე.

ასეთი ზომები ძირეულად ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ მომავალს, რომელსაც ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს.

საქართველოში [რუსული] კანონის მიღებამ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევამ მისი დემოკრატიული უკანდახევის საგანგაშო, მკვეთრი სურათი გვაჩვენა. 

დახმარების შეჩერება, რომელსაც სარგებელი მოაქვს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობისთვის, მეტყველებს ჩვენი ქვეყნის მტკიცე ერთგულებაზე, იდგეს ქართველი ხალხის გვერდით და მხარი დაუჭიროს მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს", - წერია განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი, რომელსაც ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე ავრცელებს

 სახელმწიფო მდივნის განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეც იძებნება.

ჩერდება ისეთი დახმარება, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს საქართველოს მთავრობისთვის.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და ცრუ განცხადებებზე, რომელიც შეუთავსებელია EU-სა და NATO-ში წევრობის ნორმებთან.

ამასთან, ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.