დახმარების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გზავნის სიგნალს, რომ აშშ-ის დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს - რიში და შაჰინი

შტატების მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრი, ჯიმ რიში და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
დასავლელი დიპლომატები მიესალმებიან გადაწყვეტილებას საქართველოს ორმხრივი დახმარების შეჩერების შესახებ და აცხადებენ, რომ მიუხედავად შტატების მტკიცე მხარდაჭერისა, მიღებული გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ "აშშ-ის დახმარება უპირობო არ არის და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს".
ჩვენ მივესალმებით დღევანდელ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების შეჩერების შესახებ, უცხოელი აგენტების კანონის ამოქმედების საპასუხოდ, რომელიც გამოყენებული იქნება იმ სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის. მას შემდეგ, რაც საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა რუსეთისგან 1991 წელს, შეერთებული შტატები იყო დემოკრატიული ძალისხმევისა და რეფორმების ამაყი მხარდამჭერი, მუშაობდა მთავრობასთან ერთად სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად 2008 წელს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიის შემდეგ.
საქართველოს მთავრობას უსაფუძვლოდ სჯეროდა, რომ უარი საკუთარი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე გავლენას არ მოახდენდა მის ურთიერთობაზე შეერთებულ შტატებთან. დღევანდელი გადაწყვეტილება გზავნის სიგნალს, რომ შეერთებული შტატების დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს.
აშშ-ის დახმარების შეჩერების გადაწყვეტილების მიუხედავად, შეერთებული შტატები რჩება ქართველი ხალხის ტრანსატლანტიკური მისწრაფების ერთგული. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ასახავს კონგრესში, ჩვენი კანონმდებლობის ერთ-ერთი დებულებისადმი ორპარტიულ მხარდაჭერას - "ქართველი ხალხის აქტს", რომელიც მოითხოვს საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების გადახედვას. ჩვენ გავაგრძელებთ კანონპროექტში გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებების ადვოკატირებას, რომელიც დააკისრებს საქართველოს მთავრობას ანგარიშვალდებულებას და დაეხმარება ქართველ ხალხს თავისი დემოკრატიული გზის გატარებაში. შეერთებული შტატები მზადაა განაახლოს ურთიერთობები, მას შემდეგ რაც მთავრობა კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის ერთგულებას ჩვენი საერთო მიზნების მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი, რომელსაც ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე ავრცელებს.
სახელმწიფო მდივნის განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეც იძებნება.
ჩერდება ისეთი დახმარება, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს საქართველოს მთავრობისთვის.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და ცრუ განცხადებებზე, რომელიც შეუთავსებელია EU-სა და NATO-ში წევრობის ნორმებთან.
ამასთან, ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.