ქართული კოშმარი იმდენად დაკავებულია პეკინისა და მოსკოვისთვის ყველა კარის გაღებით, რომ ვაშინგტონის, ბრიუსელის კარს ხურავს - პავილიონისი

"ქართული კოშმარი იმდენად დაკავებულია პეკინისა და მოსკოვისთვის ყველა კარის გაღებით, რომ ვაშინგტონის, ბრიუსელის კარს ხურავს" - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს.
ევროპელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპის დიდ ოჯახში გაერთიანებას, თუმცა პავილიონისი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობა საკუთარი ქმედებებით მოსახლეობას ამ შესაძლებლობას ართმევს.
ქართული კოშმარი იმდენად დაკავებულია, პეკინისა და მოსკოვისთვის ყველა კარის გაღებით, რომ ამავე დღეებში ხურავს ვაშინგტონისა და ბრიუსელის და ტრანსატლანტიკური ოჯახის სხვა მეგობრული დედაქალაქების ყველა კარს, სადაც ქართველი ერი ყოფნას ნამდვილად იმსახურებს", - წერს პავილიონისი.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი, რომელსაც ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე ავრცელებს.
სახელმწიფო მდივნის განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეც იძებნება.
ჩერდება ისეთი დახმარება, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს საქართველოს მთავრობისთვის.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და ცრუ განცხადებებზე, რომელიც შეუთავსებელია EU-სა და NATO-ში წევრობის ნორმებთან.
ამასთან, ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.