NYT: ირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ, მასობრივი დაკავებები დაიწყო
The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, ირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ, მასობრივი დაკავებები დაიწყო. დაპატიმრებულებს შორის არიან ირანის სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები, სამხედრო მაღალჩინოსნები, ასევე ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის იმ რეზიდენციის თანამშრომლები, სადაც ისმაილ ჰანიე მოკლეს.
გამოცემის ცნობით, დაპატიმრებულია სულ 20 ადამიანი.
გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში ირანელი სამართალდამცავები სწავლობენ ირანის ისლამური რესპუბლიკის აეროპორტებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს და თვითმფრინავების მგზავრთა სიებს, რადგანაც არსებობს ვარაუდი, რომ „ჰამასის“ ლიდერის მკვლელები, შესაძლოა, ისევ ირანში იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 31 ივლისს, გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე თეირანში მოკლეს. ერთი დღით ადრე ჰანიე, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. იერიში ჰამასმა და ირანმა ისრაელს დააბრალა. იერუსალიმი ბრალდებას არც ადასტურებს და არც უარყოფს.